ლევან დგებუაძე - დაიბადა 1981 წლის 19 აგვისტოს დაბა გულრიფშში.
განათლება
2017.10 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, დოქტორანტი.
2015.09–2017.06 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მაგისტრი.
1998.09–2002.06 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება
2024.06-დღემდე - მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, შემოსავლების სამსახური.
2019.12-2024.06 - მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, შემოსავლების სამსახური.
2018.07-2019.12 - საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახური.
2014.02-2018.07 - მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახური.
2011.03-2014.02 - მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების სამმართველოს უფროსი, შემოსავლების სამსახური.
2009.06-2011.03 - თბილისის რეგიონული ცენტრის მომსახურების სამმართველოს ინფორმაციის (მონაცემთა) დამუშავების განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახური.
2008.08-2009.06 - მომსახურების სამმართველოს ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის განყოფილების უფროსი, თბილისის რეგიონული ცენტრი.
2007.06-2008.08 - მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსი, თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
2007.03-2007.06 - საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მთ. ინსპექტორი, თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
2005.01-2007.03 - მომსახურების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ინსპექტორი/მთ. ინსპექტორი, თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
2004.09-2004.12 - კონტროლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია.
2004.03-2004.09 - სახელმწიფო მრჩეველი, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია.
01.12.2002-01.03.2004 - ინსპექტორი, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია.
- ბატონო ლევან, მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორი იყო თქვენი გზა სკოლიდან შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსამდე?
– აფხაზეთიდან დევნილი ვარ. თბილისში დავამთავრე 21-ე საშუალო სკოლა. სწავლა გავაგრძელე სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. შემდეგ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა, ამავე უნივერსიტეტში ახლა დოქტორანტურას გავდივარ. ვარ ეკონომისტი, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სტაჟირებაზე მივედი საგადასახადო ორგანოებში და დღემდე ვარ ამ სტრუქტურაში.
- როგორ მოხვდით ამ სტრუქტურაში, ან რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს სფერო?
– უნივერსიტეტმა გაგვაგზავნა პრაქტიკაზე და ვინაიდან მე დევნილი ვიყავი, აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში მოვხვდი. იქ გავდიოდი პრაქტიკას, დაახლოებით 3 თვე. შემდეგ სტაჟირებაც გავიარე. სტაჟირების შემდეგ გავიარე კონკურსი, საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დავიწყე მუშაობა და ასე დავრჩი ამ სისტემაში დღემდე.
- დასაწყისში რა იყო თქვენი პოზიცია?
– მაშინ იყო კონტროლის განყოფილება, ახლა რომ აუდიტის სამსახური ჰქვია. ვიყავი რიგითი საგადასახადო ინსპექტორი. წელიწადნახევარში დაიშალა ეს სამსახური, საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გავიარე გასაუბრება და გამანაწილეს თბილისის საგადასახადო ინსპექციის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. იქიდან ძალიან ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა სამმართველოში. მერე, რეორგანიზაციის შედეგად, შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებელი დეპარტამენტები შეიქმნა. დიდი ხანი ვიყავი მომსახურების დეპარტამენტში, შემდეგ მეთოდოლოგიის დეპარტამენტში მოადგილედ დავინიშნე. იქიდან მომსახურების დეპარტამენტის უფროსად ვიყავი 4 წელი და უკვე 4 თვეა რაც აქ ვარ, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი.
- ამ დროის განმავლობაში, სხვა საჯარო სამსახურში ან კერძო ბიზნესში გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
– ხშირად მიფიქრია. კერძო სექტორიდანაც ძალიან ბევრი შემოთავაზებებია, მაგრამ აქ ისე ვარ ჩემს საქმეს მიჯაჭვული, ისე ვარ პროცესებში ჩართული და ისე შემიყვარდა ეს საქმე, რომ ასე მგონია სხვა გარემოს ვერ შევეგუები, ჩემს ადგილს ვერ ვიპოვი.
- თქვენი დეპარტამენტის ფუნქციები რა არის?
– მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება; საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება; საგადასახადო შემოწმების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება; კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის განხორციელება. ბევრი მიმართულებით დღესაც არ გვაქვს სახელმძღვანელოები და აქაც აქტიურად ვმუშაობთ - აუდიტი, მიმდინარე კონტროლი, ვალის მართვა...
- ძალიან დიდი ხანია ამ სტრუქტურაში მუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რეფორმა რა არის, რაზედაც გიმუშავიათ?
– 22 წელია უკვე ამ სისტემაში ვარ. გამოვყოფ ოთხ დიდ პროექტს, რაშიც ჩართულები ვიყავით. პირველი - ეს არის ერთიანი სახაზინო კოდი. 2016 წლამდე გადასახადის გადამხდელები გადასახადებს, დაახლოებით, 130 სხვადასხვა სახაზინო კოდზე იხდიდნენ. მაგალითად, დღგ-ის გადამხდელი თუ იყავი - იმპორტის საბაჟო დღგ სხვა კოდზე უნდა გადაგეხადა და ადგილობრივი მიწოდების – სხვაზე. ასე იყო ყველა გადასახადზე ჩაშლილი. ძალიან ამბიციური გეგმა დაიბადა, ყოფილიყო ერთი სახაზინო კოდი, რომელიც დღეს მოქმედებს და ამან ჩაანაცვლა 130 კოდი. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდით ამ საკითხს, ვფიქრობდით, გაამართლებდა თუ არა, მაგრამ დღემდე კარგად მუშაობს და ძალიან კომფორტულია გადასახადის გადამხდელისთვის და ადვილად დასამახსოვრებელი ერთიანი სახაზინო კოდი - 101001000. მათ აღარ უწევთ სახაზინო კოდებს მოძიება, საბიუჯეტო კოდექსში ჩახედვა, გადასახადი რომელ ანგარიშზე უნდა გადაირიცხონ. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტების კუთვნილი თანხებიც სამართლიანად და ობიექტურად გაიმიჯნა. ამ ერთიანმა სახაზინო კოდმა ყველაფერი გაამარტივა. ეს გამართლებული პროექტია, როგორც ფისკალური თვალსაზრისით, ისე ჩვენი მხრიდანაც უფრო რეალური სურათი მივიღეთ, სტატისტიკაც უფრო დახვეწილია, მონაცემებიც უფრო სუფთა და რეალობასთან მისადაგებული.
მეორე - 2019 წელს დაინერგა ძალიან ამბიციური პროექტი: დღგ-ის გადამხდელებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნება. საქართველომ უზრუნველყო დღგ-ის ავტომატური სისტემის (AVS) განვითარების შესაძლებლობების ფართო განვითარება, რომელიც აფასებს დღგ-ის ყველა დეკლარაციის რისკებს.
AVS, რომელიც დაინერგა 2019 წლის თებერვალში, კარგად მუშაობს და შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა დამტკიცებული საკრედიტო ანაზღაურების რაოდენობაც და თანხაც. ავტომატურად დამტკიცებული საკრედიტო დეკლარაციების რაოდენობამ 90 პროცენტს გადააჭარბა. მოთხოვნილი ფულადი თანხის დაბრუნების მოცულობა კვლავ რჩებოდა დაბალი, მთლიანი კრედიტების მხოლოდ 28 პროცენტი დაბრუნდა, რადგან გადასახადის გადამხდელებს უწინდებურად უნდა გაეგრძელებინათ ზედმეტად გადახდილ თანხის დაბრუნებაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის/განაცხადების წარდგენა. თუმცა, 2019 წლის ივლისში, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევდა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო კრედიტით წარდგენილი დეკლარაციების შედეგად წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება განხორციელებულიყო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე. 2020 წლის 16 ნოემბრიდან დაწყებული, საქართველოს შემოსავლების სამსახური იყენებს ამ სიახლეს დღგ-ის დაბრუნებაზე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.
ამან მოგვცა დიდი ეფექტი, წლიურად 2 მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტად გადახდილი თანხა უბრუნდებათ გადასახადის გადამხდელებს. ავტომატურად 1 დღეში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებამ გადასახადის გადამხდელებს საკუთარ თანხაზე წვდომა გაუმარტივა. სახელმწიფოს ძალისხმევა ბიზნესისათვის მათივე კუთვნილი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურად/მყისიერად უკან დაბრუნებისთვის - ბიზნესისთვის საინვესტიციო ბუნების მნიშვნელობის შემძენია, ვინაიდან ახალისებს მოხმარებას, რაც საერთო ჯამში ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეც დადებითად აისახება.
მესამე პროექტს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან დიდი პრობლემა იყო ლუდომანია, ანუ, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩართული იყო აზარტულ თამაშობებში. ეს მტკივნეული საკითხი იყო საზოგადოებისთვის. 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე. 2022 წლის 1 მარტიდან თამაშობის ორგანიზატორებს გარკვეული ახალი ვალდებულებების შესრულება დაეკისრათ. ცვლილება ითვალისწინებდა აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირებს) თამაშში მონაწილეობა აეკრძალათ. შემოღებულ იქნა დამოკიდებულ პირთა სია და შეიქმნა აკრძალულ პირთა სია. კანონმა ასევე დაუშვა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც დამოკიდებულია და აქვს სურვილი თავის დანებების, მას შეუძლია განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახური ამ პირის მონაცემებს შეიტანს/არეგისტრირებს ერთიან სისტემაში, ე.წ დამოკიდებულ პირთა სიაში. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ფიზიკურად შემოსავლების სამსახურის ფიზიკური მომსახურების სივრცეებში, ასევე ონლაინ, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ელექტრონული გვერდის საშუალებით. ვისაც არ აქვს ელექტრონული გვერდი, მისი აქტივაციაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა ელექტრონულად 24 საათის განმავლობაში ვიდეო ზარის მეშვეობით https://videocall.rs.ge/.
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე შესვლის შემდეგ, პირი ელექტრონულად წარადგენს განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის თაობაზე და პროგრამა ავტომატურად უზრუნველყოფს მის დამატებას ზემოთ ხსენებულ სიაში. სათამაშო ბიზნესის ყველა ოპერატორი ვალდებულია, რომ ამ პირს მათთან აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის წვდომა შეუზღუდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი სანქციები. უფრო მეტიც, სამი ჯარიმის შემდეგ, კანონის დამრღვევ პირს ლიცენზია გაუუქმდება.
დღეისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანია, რომელმაც ამ სისტემაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. მათ კანონმა მისცა საშუალება, რომ საკუთარი თავი დაიცვან.
მეოთხე პროექტად გამოვყოფდი ფიზიკურ პირთათვის 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. კერძოდ, 2024 წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს, ვისაც უფიქსირდებოდათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი აღიარებული და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი - განხორციელდა მათი ჩამოწერა.
დავალიანების ჩამოწერა დაიწყო 2024 წლის 25 ივნისიდან და დღემდე მიმდინარეობს. დღეისათვის უკვე 65 000 ფიზიკურ პირს ჩამოეწერა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯამში - 400 მლნ ლარი.
გასათვალისწინებელია, რომ სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა გრძელდება დღესაც. გარდა ავტომატური ჩამოწერისა, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირების მომართვის შემთხვევებშიც.
- ამ კუთხით, კონტროლის მექანიზმები არსებობს?
– ბუნებრივია, კონტროლი არის. სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს განესაზღვრა თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულება.
25 წლამდე პირებს რაც შეეხებათ, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს გადამოწმების ვალდებულება აქვს, მეორე - პირი ჩვენს ბაზებთან უნდა შედარდეს. გვქონია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა და გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამოკიდებულ პირთა სიაში იმყოფებიან, სათამაშოდ მაინც შეუშვეს. ბუნებრივია, ინფორმაცია გადავამოწმეთ და ჯარიმაც შეეფარდათ. იმ ობიექტზე განმეორებითი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. როგორც გითხარით, სამი ჯარიმის შემდეგ ლიცენზია უქმდება და ლიცენზიის გაუქმება ყველასთვის მტკივნეულია.
- კონტროლის მექანიზმი მხოლოდ მოქალაქის მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს თუ თქვენც გაქვთ სხვა ბერკეტები?
– კი, ყველა პირის შესახებ, ვინც კი შედის სათამაშოდ, შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია. შემოსავლების სამსახური აქტიურად მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების გადამოწმებას, ხომ არ აქვს ადგილი ასაკობრივი ზღვარს ქვემოთ პირების დაშვებას ან/და დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიაში არსებული პირების აზარტულ თამაშობებში მონაწილეობას. გადამოწმების რამოდენიმე მეთოდი გამოიყენება, მათ შორის, ობიექტებზე „საკონტროლო ვიზიტების მეშვეობით“. ჩვენ შეგვიძლია შევუდაროთ ჩვენს ბაზას, მაგალითად, პირი თუ არის დამოკიდებულ პირთა სიაში, რატომ შეუშვეს სათამაშოდ. ვერავინ ვერაფერს მოგვატყუებს. გარდა დამოკიდებულ პირთა სიისა, ასევე არსებობს აკრძალულ პირთა სია. კანონი პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო მოხელეს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრს, მარეგულირებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აზარტული თამაშობები ეკრძალებათ. თამაში, დაახლოებით, 1,5 მილიონ პირს აეკრძალა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე არის აკრძალულ პირთა სიაში და სათამაშოდ ხვრელებს ეძებს, არეგისტრირებენ ვინმეს, რომელიც არ არის აკრძალულ პირთა სიაში და მათი ანგარიშით სარგებლობენ. ბუნებრივია, ასეთ ადამიანს კანონი ვეღარ დაეხმარება. როგორც გითხარით, 20 ათასმა მოქალაქემ საკუთარი სურვილით მოახერხა, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში მოხვედრილიყო და ამ მავნე ჩვევისგან თავი დაეცვა. მოქალაქეს შეუძლია მივიდეს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში და დაწეროს განცხადება, ასევე დისტანციურად დარეკოს ვიდეო ზარის მეშვეობით https://videocall.rs.ge/, დარეგისტრირდეს, მივცემთ მას პაროლს და შეუძლია განცხადება გამოაგზავნოს ელექტრონულად. ბევრ მოქალაქეს ეგონა, რომ თუ სერვისცენტრში მივიდოდა, კამერებით მოხდებოდა მათი ფიზიკური იდენტიფიცირება და გადაეცემოდა ძალოვან უწყებებს, რაც ბუნებრივია არ ხდება. ამიტომ ადგილზე მოსვლას ერიდებოდნენ. მათ მივეცით დისტანციურად დარეგისტრირების შესაძლებლობა. ეს დისტანციური სერვისი გვინდა კიდევ უფრო გავამარტივოთ, დღეს თუ არის ორდონიანი რეგისტრაცია, გავხდით ერთ დონიანს, რათა უფრო გამარტივდეს რეგისტრაციის პროცესი.
- მნიშვნელოვანი სიახლე იყო "ესტონური მოდელის" დანერგვა. მხარს უჭერთ თუ არა მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. "ესტონურ მოდელს" და რამდენად გაამართლა ამ მოდელმა?
– ვფიქრობ, რომ „ესტონური მოდელი“ არის სამართლიანი მოდელი. ტრადიციული „ძველი“ მოდელის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ყოველწლიურად, წლის შედეგების მიხედვით მოგების გადასახადის გადახდა უწევდათ. ახალი, ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით კი, თუ თანხა მოძრაობს, ისევ ბიზნესშია და არ განაწილებულა დივიდენდის სახით, მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ჩვენ იმაზე კი არ ვზრუნავთ, რომ ფისკალურად მივიღოთ შემოსავალი, არამედ „ესტონური მოდელის“ შემოღების მიზანი არის ის, რომ ბიზნესი განვითარდეს, ფინანსურ რესურსი ახალი ინვესტიციების განხორციელებას მოხმარდეს გადასახადის გადამხდელთა საჭიროებისამებრ. ვთვლი, რომ როგორც „ესტონურმა მოდელმა“, ასევე დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნებამ დიდი წვლილი შეიტანა საწარმოების განვითარების/გაფართოების პროცესში.
- დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულებაა საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება. რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ იმის დასადგენად, ესა თუ ის კონკრეტული საწარმო როდის უნდა შემოწმდეს, ან საერთოდ უნდა შემოწმდეს თუ არა?
– შემოწმდეს თუ არ უნდა შემოწმდეს, ამას განსაზღვრავს ანალიტიკური დეპარტამენტი თავისი რისკებზე დაფუძნებული მიდგომებით. ჩვენ უკვე წლებია გვაქვს ეს მიდგომა, ეს არ არის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის კომპეტენცია. შესამოწმებელი ობიექტები შეირჩევა რისკების კრიტერიუმების მიხედვით, 100-მდე რისკის კრიტერიუმია, ფასდება თითოეული გადამხდელი, რისკის შემცველი ყველაზე მეტი ქულა ვისაც უგროვდება, ის ჯდება შესამოწმებელ ობიექტთა გეგმაში. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც გადამხდელი შესამოწმებლად შეირჩევა, შესაძლებელია რისკი გაქარწყლდეს და შემოწმება არ დაინიშნოს ან შეწყდეს, თუ ის უკვე დანიშნულია. ეს მიდგომა, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით, რამდენიმე წელია დაინერგა. რისკი არის ვარაუდი და კომუნიკაციის შედეგად შეიძლება საკითხი გაირკვეს და შემოწმების ბრძანება გაუქმდეს. არის ოპერატიული ინფორმაციებიც, შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთებოდეს. ეს ცალკე მიმართულებაა. ძირითადად, რისკზე დაფუძნებულ მიდგომებზე ხდება კომპანიების შერჩევა.
რაც შეეხება იმას, თუ სამსახურმა რამდენად ხარისხიანად ჩაატარა შემოწმება, ეს უკვე მეთოდოლოგიის დეპარტამენტის კომპეტენციაა. აქაც არის კრიტერიუმები, თუ რას უნდა პასუხობდეს საგადასახადო შემოწმების აქტი. შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევთ უკვე შემოწმებაჩატარებულ გადამხდელებს და ვსწავლობთ, შემმოწმებელმა დაიცვა თუ არა სტანდარტი. მაგალითად, გამოითხოვა თუ არა სრულად ინფორმაცია, პერიოდულად ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, სრულყოფილად შეისწავლა თუ არა ჩვენს ხელთ არსებული ელექტრონული ბაზები. ასევე გააცნო თუ არა შედეგები გადასახადის გადამხდელს, აუხსნა თუ არა მას უფლებები და ვალდებულებები. არის 6 ძირითადი სტანდარტი და ამის მიხედვით ვაფასებთ, რამე ხარვეზი ხომ არ იყო შემოწმების პროცესში.
- და მას მერე, რაც გადაწყდა ამა თუ იმ საწარმოს საგადასახადო შემოწმება ან ინვენტარიზაციის ჩატარება, უნივერსალური მეთოდოლოგიით უნდა მოხდეს ეს შემოწმება თუ ინდივიდუალურად ხდება მეთოდოლოგიის კორექტირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში?
– მეთოდოლოგიის დახვეწაზე მუდმივად ვმუშაობთ. როგორც რისკ-კრიტერიუმები უნდა დაიხვეწოს, ასევე შემოწმების მხარეს ჩვენი პროცედურაც უნდა დაიხვეწოს. ეს არის პროცესი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ცვლილება და განახლება. იცვლება როგორც მეთოდები, ასევე მიდგომებიც და შემოწმების საშუალებები. მაგალითად, ამ ეტაპისთვის გამოვყოფდი საგადასახადო შემოწმების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას, რომელიც სამსახურის ძალებით შეიქმნა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით ინერგება აუდიტის პრაქტიკაში. აღნიშნული სისტემის მიზანია სავალდებულო საფეხურის გავლის გზით, საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცედურების სტანდარტიზაცია/ავტომატიზაცია. გარდა აღნიშნულისა, მეთოდოლოგიური კუთხით ასევე გამოვყოფდი საგადასახადო შემოწმებისთვის შემუშავებულ ისეთ სახელმძღვანელოებს და მეთოდურ მითითებებს, როგორიცაა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, „დებიტორული დავალიანების შესახებ“, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“, „კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“, „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ასეთი მითითებისა თუ სახელმძღვანელოს მიზანია საგადასახადო შემოწმებების ჩატარების ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, რაც ამა თუ იმ სამეურნეო ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად განჭვრეტადს ხდის საგადასახადო ადმინისტრაციის პოზიციას/მიდგომას, მით უფრო იმ ფონზე, რომ როგორც წესი, ასეთი ტი პის დოკუმენტები/აქტები განთავსებულია და ყველასთვის ხელმისაწვდომია საინფორმაციო და მეთოდოლოგიურ ჰაბზე: https://infohub.rs.ge
- დროდადრო გვესმის საუბარი, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოდან, რომ ქონების გადასახადისათვის დაწესებული შემოსავლების ზღვარი უნდა შეიცვალოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და თუ მიდის ამ მიმართულებით მუშაობა?
– ზოგადად რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, ეს არის საგადასახადო პოლიტიკის ნაწილი, ბუნებრივია, ჩვენც ჩართულები ვართ. ვემხრობით ცვლილებებს, პროექტიც არსებობს, ჯერ საჯარო განხილვა არ ყოფილა. დიახ, ბევრი აღნიშნავს იმას, რომ 40-ათასლარიანი ზღვარი უკვე მოძველდა, წლებია დაინერგა და იმის მერე არ შეცვლილა. ამ ეტაპზეც მუშაობა მიმდინარეობს.
- რამდენიმე წლის წინ IT-კომპანიების საქართველოში შემოსაყვანად, დაწესდა საგადასახადო შეღავათები. რომელიმე სხვა მიმართულებითაც ხომ არ იგეგმება მსგავსი ინიციატივები, ინვესტორთა დაინტერესების კუთხით?
– ამ მიმართულებამ ძალიან გაამართლა, სექტორის შემოსავლები შთამბეჭდავია. ასეთ გადასახადის გადამხდელებს სპეციალური საწარმოს სტატუსს ვანიჭებთ. ეს არის ჯერჯერობით მხოლოდ ორ მიმართულებაზე - IT-პროდუქტის მიწოდებაზე და გემთმფლობელებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, სწრაფად მხოლოდ აიტი მიმართულება ვითარდება. ნეტა, საქართველოში გემთმშენებლობაც განვითარდეს. პოლიტიკის ნაწილში რაიმე სიახლე ამ კუთხით ჯერ არ გვაქვს.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, მსგავსი მიდგომები რამდენად გამართლებული იქნება სხვა დარგების მიმართაც, რომლებსაც საქართველოში განვითარების უფრო მეტი პოტენციალი აქვს? არ ვგულისხმობ გემების მფლობელებს.
– ზოგადად საქართველოს გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთით, ამ მხრივ ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა ვართ. უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად ბევრი მიმართულებით შეიძლება ცვლილებების განხორციელება. უბრალოდ უნდა იყოს დარგი იდენტიფიცირებული, რომელიც მიმზიდველი იქნება ტერიტორიულად, რესურსით, ადამიანური კაპიტალით და ასე შემდეგ. საქართველოში რაც მეტი უცხოური ინვესტიცია იქნება, ბუნებრივია, მით უფრო უკეთესია, ეს აისახება ჩვენს შემოსავლებზე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ გამოვყოფ რაიმე იდენტიფიცირებულ დარგს, რაზედაც ახლა შეიძლება მუშაობა.
- წლის დასაწყისში "ოფშორებიდან" აქტივების გადმოტანაზეც დაწესდა შეღავათები. ამ ეტაპზე რამე სახის შედეგზე თუ შეგიძლიათ საუბარი?
– დიახ, კანონში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა, მინისტრის ბრძანებით წესიც დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის მართვა. ზოგადად, აქ არის საუბარი, რომ როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანია „ოფშორში“ აქტივებს ფლობს და ხდება აქტივების გადმოტანა, თუ ის საჭიროებს საბაჟოზე იმპორტის პროცედურაში მოქცევას, არ დაიბეგრება საბაჟო გადასახდელებით, ვინაიდან მესაკუთრე არის საქართველოს რეზიდენტი. ამიტომ იქნა დაწესებული ეს შეღავათი.
- "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ შემოსავლების სამსახურს ყველა გადამხდელზე ისედაც აქვს ინფორმაცია. რა ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი საგადასახადო ორგანოს ამა თუ იმ გადამხდელთან დაკავშირებით? არის თუ არა ეს ინფორმაცია სრული და თუ არა, ხომ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია გადამხდელისგან?
– აღნიშნული კანონპროექტის განხილვებისას პარლამენტშიც გახლდით და იქაც გავაკეთე განმარტება. ბევრს ჰქონდა წარმოდგენა, რომ შემოსავლების სამსახურს ეს ინფორმაცია 100 პროცენტით აქვს. ბუნებრივია, ეს სიმართლე არ არის. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემულ და დეკლარირებულ ანაზღაურებაზე/ხელფასებზე, ასევე თუ ორგანიზაცია დღგ-ის გადამხდელია, ზედმეტად დახარჯული დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნით წარმოგვიდგენენ გარკვეულ დოკუმენტაციას. მინდა ხაზი გავუსვა, გრანტის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება გადამხდელის უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. კანონმდებლობით, თუ გრანტის ფარგლებში ხარჯავ თანხას და იხდი დღგ-ს, ამ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია (და არა ვალდებულია) სამი თვის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს გრანტის ხელშეკრულება და ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახური განიხილავს, ეს ხარჯი არის თუ არა გრანტის ხელშეკრულების მიზნებთან შესაბამისობაში. შესწავლის შედეგად ხდება გადახდილი დღგ-ის თანხის ზედმეტობაში ასახვა და გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება ან ჩაითვალოს ეს თანხა სხვა საგადასახადო ვალდებულებებში ან მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. როგორც გითხარით, ეს არის ძალიან მწირი ნაწილი. შესაძლებელია, საერთო ხარჯების არაუმეტეს 20 პროცენტისა იყოს ცნობილი. თუ, შესასყიდი საქონელი განთავისუფლებულია დღგ-საგან - გრანტის მიმღებ ორგანიზაციები საერთოდ არც გრანტის ხელშეკრულებას არ წარმოადგენენ შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად გაწეულს ხარჯებზეც ინფორმაცია არ არსებობს (გარდა, დეკლარირებული ხელფასებისა). ძირითად ნაწილში ყველა ხელშეკრულება ჩვენთან არ არის წარმოდგენილი, ზოგი ისეთი ხარჯია, საერთოდ არ იბეგრება დღგ-ით, შესაბამისად ასეთი არასამეწარმეო ორგანიზაცია არც არის ვალდებული წარმოგვიდგინოს დოკუმენტები. თავად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ასივე პროცენტით წარდგენილი ჰქონდათ ხარჯებზე ინფორმაცია. მათივე განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ხარჯების გასაჯაროება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ეს როგორც უკვე აღვნიშნე, ასე არ არის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონიც ხომ ხარჯების გასაჯაროებაზე მიუთითებს ასეთ ორგანიზაციებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. როგორც აღვნიშნე, შემოსავლების სამსახურში ხარჯების შესახებ ასეთი სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება ხარჯების შესახებ ინფორმაციის გადამხდელებისაგან გამოთხოვას - ამის უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს ბუნებრივია აქვს - თუმცა არა მათი გასაჯაროების, ვინაიდან დღესდღეობით ის საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. მიღებული კანონი კი საზოგადოებისთვის ინფორმაციის გასაჯაროებას ითვალისწინებს.
- ამ ეტაპზე იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები მეთოდოლოგიის ან საკანონმდებლო მიმართულებით?
– როგორც გითხარით, საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ვმუშაობთ ძალიან ბევრი მიმართულებით პროცედურულ სახელმძღვანელოებზე, მეთოდურ მითითებებზე, რომლებიც როგორც გადასახადის გადამხდელთათვის აუცილებელია, ასევე ჩვენს თანამშრომლებსაც სჭირდებათ.
ყველაზე მეტად გამოვყოფდი შემოსავლების სამსახურის მიდგომას. როგორც გითხარით, შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომით არჩევს. ამასთანავე, მათთან აქვს კომუნიკაცია, თუ გადასახადის გადამხდელი წარმოგვიდგენს დაზუსტებულ დეკლარაციას, აღიარებს გადასახადს, მას აღარ ვამოწმებთ. გარდა ამისა, ძალიან შეიცვალა ჩვენი მიდგომა სერვისებთან მიმართებით. გადასახადის გადამხდელებს ძალიან ბევრი საგადასახადო და საბაჟო სერვისი ელექტრონული ფორმატით (500-ზე მეტი ელექტრონული) შევთავაზეთ, დავაწესეთ შეღავათები, თუ გადამხდელი ელექტრონული სერვისით ისარგებლებს მას საერთოდ ვუხსნით, ან ვუნახევრებთ მომსახურების საფასურს. სწორედ ელექტრონული სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, სერვისცენტრებში ფიზიკური ვიზიტის დროს მომსახურების საფასური იგივე შენარჩუნდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ელექტრონული მიმართვიანობა წაგვეხალისებინა. ამრიგად, მივაღწიეთ იმას, რომ ელექტრონული მიმართვიანობამ 90 პროცენტს გადააჭარბა. ისედაც თუ ადამიანს აქვს ინტერნეტთან წვდომა, უფრო მარტივია დისტანციურად მოგვმართოს. ასევე ჩვენი პასუხების 45 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში გაიცემა. სისტემაში ისეთი ალგორითმები გვაქვს, რომ პასუხები გენერირდება ავტომატურად. როდესაც გადამხდელი მოთხოვნას აგზავნის, მაქსიმუმ, 1 წუთში იღებს პასუხს.
- თქვენი თავისუფალი დრო როგორია, პროფესიის გარდა თუ გაქვთ სხვა ინტერესები?
– თავისუფალი დრო ძალიან ცოტაა... ვცდილობ, ეს დრო ყოველთვის ოჯახთან - შვილებთან და მეუღლესთან ერთად გავატარო. ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში, მატჩების ყურებაც. საჯარო სამსახურში ამის დროს აღარ დამრჩა. ფეხბურთს დღესაც სიამოვნებით ვუყურებ, დღესდღეობით კვარაცხელიამ, მამარდაშვილმა, მიქაუტაძემ და ეროვნული ნაკრების დანარჩენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მთელი საქართველო ამ სპორტისკენ მოაბრუნეს.
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი